აგროგილიდიის განცხადება “ძროხის პატრონი შინამეურნეობების” რეგისტრაციასთან დაკავშირებული, შეცდომაში შემყვანი საინფორმაციო კამპანიის თაობაზე

სოციალურ მედიაში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია, 2020 წლიდან საოჯახო შინამეურნეობების რეგულაციებთან დაკავშირებით. მასალებში საუბარია გაურკვეველ გადასახადზე, ბუნდოვან რეგულაციებზე.

გავრცელებულ ინფორმაციებს უმეტესად “აგროგილდიის” წევრი ტელეკომპანიების “გურჯაანისა“ და “TV25-ის” რეპორტაჟები უდევს საფუძვლად. აგროგილდიის ინიცირებით ამ ტელევიზიების თვითრეგულირების საბჭოები სიზუსტის მუხლის შესაძლო დარღვევის შესახებ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში დაჩქარებულად, 4 თებერვალს იმსჯელებენ.

აგროგილდია მოუწოდებს მედიაორგანიზაციებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან იმ მნიშვნელოვან სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც “ასოცირების ხელშეკრულებითაა” გათვალისწინებული და რის განხორციელებასაც ერთის მხრივ შინამეურნეობების მომგებიანობა და მეორეს მხრივ სურსათის უვნებლობა უნდა მოჰყვეს შედეგად.